მამუკა მდინარაძე: პარადოქსი იყო ხატია დეკანოიძის განცხადება, არასდროს ვეთანხმებოდით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომთან დაკავშირებითო, კი არ ეთანხმებოდით, მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ის ეწერა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა

დღევანდელი დღის ერთერთი მთავარი ტყუილი და პარადოქსი იყო ხატია დეკანოიძის განცხადება, ჩვენ არასდროს ვეთანხმებოდით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომთან დაკავშირებითო. კი არ ეთანხმებოდით, მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ის ეწერა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს სიტყვები წამოცდა თუ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რეზოლუციაში დაუდასტურეს რუსეთს – ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს.

„ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ ბრძანა, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი იყვნენ კარგებიო და ახლა გახდნენ ცუდები, ვიღაცამ გიბრძანათო. ეს ვიღაცის ბრძანება მენტალურ კომპლექსებს უჩენს მათ, იმიტომ, რომ თავისი სხვას უნდა დააბრალონ, გაღმა უნდა შეედავონ. ქალბატონო ხატია და პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო, იმ ბინძურ მეთოდებზე ხომ არ ილაპარაკებდით, რამაც თუნდაც ერთ დროს კარგები ცუდები გახადა და რასაც ვერ გაუძლეს იმ ადამიანებმა. შემთხვევით არ ვლაპარაკობ ამას და შემდეგ განსაჯოს ქართულმა საზოგადოებამ, ვის როგორ დაუჭერს მხარს, რა საფუძვლებით და დაგრჩებათ თუ არა ის მცირე მომხრეების რაღაც ჯგუფი, ერთი ადამიანიც კი, ამაზე რომ ვინმემ ილაპარაკოს ღიად, რაც დღეს კიდევ შემოგრჩენიათ.

ასევე, დღევანდელი დღის ერთერთი მთავარი ტყუილი და პარადოქსი იყო ქალბატონი ხატიას განცხადება, ჩვენ არასდროს ვეთანხმებოდით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომთან დაკავშირებითო. კი არ ეთანხმებოდით, მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ის ეწერა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. მაშინ ჩვენ კიდევ ვიმედოვნებდით, რომ ეს იყო შეცდომა, რაღაც წამოცდენის მაგვარი და ათასი სხვა რამ და უკვე შესულები ვიყავით ერთ მდინარეში და აღარ ვიკადრეთ იქიდან გამოსვლა, მართლაც პატივი ვეცით ჩვენს ემიგრანტებს, ძალიან სიმბოლურ დატვირთვას ამ მიმართულებით, პატივი ვეცით წინაპრებს, პატივი ვეცით უდიდეს სიმბოლიზმს, მათ შორის, მართლაც პატივი ვეცით იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაძლებელი ხდებოდა საქართველოს ყოლოდა ქალი პრეზიდენტი. ზოგიერთი ჩვენგანი თამარის დროს იშველიებდა, რომ ამ დროს გვყავდა ქალი მეფე. ასეთი პოზიტიური ალეგორიები და პოზიტიური მოლოდინები იყო და ამ დროს დღეს მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ერთი ერთში ილაპარაკოს „ნაცმოძრაობის“ დავალებული მესიჯბოქსით. შვილებზე მაინც არ ლაპარაკობდა, დღეს ისიც იკადრა. ომს რაც შეეხება, მისი სიტყვები გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს სიტყვები წამოცდა თუ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რეზოლუციაში დაუდასტურეს რუსეთს – ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, ჩვენ ამაზე ბევრს ხომ არ ვლაპარაკობდით, ვიდრე ჰააგის სასამართლო საბოლოოდ არ მოვიგეთ, არათუ დაადასტურეს, არამედ ქართველ სამხედროებს, დააბრალეს ომის დაწყება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button