კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მიგრიაული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიცე პოლკოვნიკმა ლევან თედიაშვილმა და მაიორმა ლევან ლომიტაშვილმა დამსწრეთ ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ძირითადი ამოცანები და მასში მონაწილეობის პირობები გააცნეს.
ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს. რეზერვში მიიღება საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.
მიღებისას რეზერვისტს უფორმდება 4 წლიანი კონტრაქტი. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ.
ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარია.
ტერიტორიული რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით.
რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36 დან- 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება. შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი.
მომზადების კურსის მთავარი მიზანია საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა.
ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით.
რეზერვში მიღება ხორციელდება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე. ტერიტორიულ რეზერვში სამსახურის პერიოდში დაშვებულია წვერისა და თმის ტარება მოვლილ მდგომარეობაში.
საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
რეზერვში რეგისტრაცია შესაძლებელია:
მოქალაქე რეზერვში რეგისტრირდება ონლაინ – https://onlinebct.mod.gov.ge/ 595 06 03 44;
ასევე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონში (მისამართი: ქ. გორი ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი), 577191783.