საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს.

თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას და ეფექტიანობას გაუსვა ხაზი, მათ შორის აღნიშნა სტრატეგიული დონის და ექსპერტთა დონის შეხვედრები, ასევე ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობას. მან იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წარმატებით განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

მინისტრმა 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაცემულ ისტორიულ რეკომენდაციაზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სისტემის რეფორმირების და განვითარების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. ასევე, მან კოლეგებს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან – გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.

Back to top button