საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, ლეიტენანტი შოთა გაბისონია, სერჟანტი მალხაზ ბიწაძე, უმცროსი სერჟანტი პაატა საბიაშვილი და კაპრალ-სპეციალისტი ირაკლი ნოზაძე სამკერდე ნიშნით – „საუკეთესო სამხედრო“ დააჯილდოვა. მან სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.