კახა კალაძე: თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კახა კალაძემ მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში ისეთი პრობლემები მოგვარდა, რომლის გადაწყვეტის იმედი მოსახლეობას აღარ ჰქონდა.

„უამრავი პრობლემა იყო, ათი ათასობით ადამიანს ეგონა, რომ ეს პრობლემები არასდროს მოგვარდებოდა, თუმცა შევძელით მათი გადაჭრა. მათ შორისაა წლობით დაუკანონებელი ქონება. ასე მიიჩნევდნენ, მაგალითად, „ცენტრ პოინტის” პრობლემას. „სვეტის”, „ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულებს ეგონათ რომ დარჩნენ საკუთრების გარეშე, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ მშენებლობების გაგრძელება. ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ჩვენ არ გვეშინია პრობლემების, რადგან ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მათ. ამ ყველაფერში კი თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მხარი დაგვიჭირონ, რათა ქალაქში განხორციელდეს ბევრი საინტერესო პროექტი და ხვალინდელი თბილისი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამომრჩეველს მიმართა ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლაბუჩიძემ.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, თბილისში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დარჩა ბოლო კვირა და მაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ მხარს დაგვიჭერთ. თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. ბატონი კახა კალაძე ამბობდა, რომ ოთხი წლიდან ორი წელი მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვებრძოდით უხილავ მტერს და რომ არა ეს, უფრო მეტი გაკეთდებოდაო. თუმცა ჩემი აზრით, ამის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა თბილისის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიერ. დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ამომრჩეველთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი.

Back to top button