საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე.
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ, საკანონმდებლო ცვლილებამდე, აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ცვლილება მიმდინარე წლის 01 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.