საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით იმართება და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა.
მონაწილე სამხედროებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის წარმომადგენელმა, მაიორმა შონ დ. კლარკმა მიმართეს და მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილეს ყურადღება. ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება.
MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც არიან ჩართულები. სწავლებაში 9 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.