საქართველოში ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ-მაიორ ენნო მიოტსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ნატოსთან ურთიერთობის საკითხებსა და როგორც ორმხრივ, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფორმატებში ესტონეთის მხარდაჭერას. აღინიშნა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრას თავდაცვის თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ესტონეთის თავდაცვის ძალების დელეგაციას რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე, თავდაცვის ძალების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საქართველოს ეროვნულ გვარდიასაც ესტუმრება.