სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდა შესაძლებელი

საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად, სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანია, თავდაცვის ძალებში მოხვედრის მსურველებს სერვისის მაღალი ხარისხი შესთავაზოს და რეკრუტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიისის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და რატი ბრეგაძემ მოაწერეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით პირველი და ყოველი მეასე რეგისტრირებული და თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირი უწყების მიერ დაწესებულ ჯილდოს მიიღებს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან, იუსტიციის სახელებიდან და საზოგადოებრივი ცენტრებიდან გადამისამართებულ ზარებს აერთიანებს. აღნიშნული სერვისით დაინტერესებული პირი ოპერატიულად მიიღებს ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას სამხედრო საკონტაქტო და სარეზერვო სამსახურის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი სამხედრო სამსახურში დარეგისტრირების მსურველს რეგისტრაციის გავლაშიც დაეხმარება.

Back to top button