„2 წელიწადში იმ შესყიდვების მიღების შედეგად, რაც ჩვენ უკვე გავაფორმეთ, სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ამაღლების მიმართულებით მიმდინარე წელს გადადგმული ნაბიჯები თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „იმედი Live“ შეაჯამა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

„გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ. „ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა“, – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button