საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის – „ფრთამოტეხილი მაფშალიას“ პრეზენტაცია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, მისი მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა.
სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის – ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი კი, პეტრე კოლხია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.