„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა დაემატა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
იგი გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან თავდაცვის ძალების წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
მინისტრი შეეხო ჯარიდან სამხედრო მოსამსახურეების გადინების შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას. მისი განცხადებით, არათუ გადინება, არამედ სამხედრო საქმით დაინტერესების მაჩვენებელი დეკადების განმავლობაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზეც მაღალია.
„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესდა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, სწორედ იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, თუ როგორი სოციალური პირობები აქვს შექმნილი თავდაცვის უწყებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასეთი შედეგი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ოთხი წლის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და, სწორედ, ამის შედეგია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით მოქალაქეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.