საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლონური კომპანია MESKO S.A-ს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა შეხვდა.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატო-ს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
„მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.