ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა – ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მჭიდრო სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი სიახლოვე საზოგადოებასა და ჯარს შორის, საჭიროა უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა ჯარის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

,,ჩვენი ქვეყნის დამცველები ღირსეული ჯარისკაცები, განსაკუთრებული მოწოდების ადამიანები არიან. იყო ჯარისკაცი – ნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესს. მთელი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს მათზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად აუცილებელია რიგითი სამოქალაქო პირებიც ზრუნავდნენ და აქტიურად გამოხატავდნენ პატივისცემასა და მხარდაჭერას ჯარის მიმართ. „ეს არის ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასხისმგებლობის გამოხატულება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის თემაზე საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტები მომავალშიც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

Back to top button