ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

ჩემი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა გუნდის ლიდერებს, წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობის ამ შემადგენლობას.

“მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის წევრებს, ჩვენს ლიდერებს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობის ამ შემადგენლობას და მაძლევს საშუალებას, ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე. თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა, ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, რომელიც 2030 წელთან მიმართებაში გვაქვს, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში და დირექტივებში.

ბევრი შიდა უწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი და ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ ამ დოკუმენტით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის უწყებაში იყოს უზრუნველყოფილო მდგრადობა და მეორეს მხრივ განვითარების თვალსაზრისით განჭვრეტადობა. ჩემი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და აბსოლუტურად ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის თუ ყველა ადამიანის გვერდით ვიდგები, რომელიც თავდაცვის უწყებაში მსახურობს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ასეთი კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.

„საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები როგორც პრემიერ მინისტრთან, ასევე იმ ადამიანებთან, ვინც აქამდე იკავებდნენ მინისტრის მოადგილეების პოსტებს. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ერთობლივად და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვაცნობებთ მედიას. წინასწარი კომენტარები და ინფორმაციები, რომელზეც თქვენ (მედია) საუბრობთ და მინიშნებებს აკეთებთ, გეტყვით რომ ასეთი კონსულტაციები ჯერ არ გვქონია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Back to top button