საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა.

მხარეებმა, საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სამომავლო ნაბიჯები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ რამდენიმე დღეში ისინი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმას, იმისთვის, რომ განხილვის შემდეგ, საბოლოოდ დამტკიცდეს აღნიშნული სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრისას, საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ეკონომიკური თანამშრომლობა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხი, რომლის განხორციელებაც საქართველოსა და რუმინეთის ინიციატივა იყო.

​ხაზი გაესვა, რომ ორივე ქვეყნისთვის ის წარმოადგენს პრიორიტეტულ პროექტს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

​დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ალექსანდრე მოწერელია.

Back to top button