„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და ისაუბრა იმაზე, რომ თავის დროზე გაკეთებული საჯარო განცხადებებით იკვეთება მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობა ომის დაწყების საკითხში.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამასვე ადასტურებს საერთაშორისო გამოხმაურებები და აქაური ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლების განცხადებები, რომლის თავმოყრაც „ხალხის ძალამ“ შეძლო, მიუხედავად წინა ხელისუფლების მცდელობისა, განადგურებულიყო მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას.
„რასაც ვაკვირდებით, უცხოური ძალები და გლობალური ომის პარტია არ ისვენებს და დროდადრო აანონსებს პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. 2008 წლის ომში პატიმარი სააკაშვილი იყო აღმასრულებელი გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილების, რამაც უზრუნველყო პროვოცირება ომის და ამის საჯარო მტკიცებულებებიც არსებობს. მაილსის, სარკოზის, აქაური ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლების განცხადებები და რეზოლუცია ბოლოს და ბოლოს, სადაც ნაცმოძრაობამ პირდაპირ, ხელმოწერით აღიარა, რომ თურმე საქართველომ დაბომბა ცხინვალი, რასაც მოჰყვა რუსეთის შესაბამისი რეაქცია.
თუ გლობალური ომის პარტია კიდევ არ მოისვენებს და ზურაბიშვილს შეაწყალებინებს პატიმარ სააკაშვილს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პირდაპირი ცეცხლის გახსნა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების მხრიდან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.