მიხეილ ყაველაშვილი: „ხალხის ძალას“ მანამდეც ჰქონდა მხარდაჭერა, მაგრამ როგორც პოლიტიკურ პარტიას, უფრო ფართო მანდატი ექნება ხალხის ნების გამოხატვისა და აგენტოკრატების გავლენებისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისათვის

„მინდა „ხალხის ძალის“ ყველა გულშემატკივარს მივულოცო დღევანდელი დღე – მოძრაობის პარტიად დარეგისტრირება. პარტიის მიერ გაჟღერებული თემები მეტ წონას შეიძენს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს „ხალხის ძალის“ პარტიად დარეგისტრირებას.

„ხალხის ძალის“ პოლიტიკამ – საზოგადოების ინფორმირებამ, ის რეალობა შექმნა, რომ ხალხი მხარდამჭერია არსებული კურსის, რომელსაც მმართველი ძალა ავითარებს. ამან დაგვანახა, რომ ჩვენი როლი უფრო უნდა გაზრდილიყო. თანმიმდევრულები ვართ და ყოველთვის წინასწარგანზრახული გეგმით ვმოქმედებთ. პოლიტიკურ პარტიას მეტი წონა აქვს და ასეც დავრეგისტრირდით, რის საფუძველზე მეტის გაკეთება შეგვიძლია. გვინდა, რომ „ხალხის ძალამ“ ხალხის მანდატიც შეიძინოს. საზოგადოებისთვისაც უფრო ადვილი იქნება ჩვენი მხარდაჭერა.

ქართულ პოლიტიკაში 250 პარტიაა, მათ შორის, ერთკაციანი პარტიები, რომელთა შესახებ შემთხვევით გამვლელებს რომ ჰკითხოთ, წარმოდგენა არ აქვთ. მეტი სერიოზულობა უნდა შევძინოთ არსებულ პოლიტიკურ სივრცეს, ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენ ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან და დავინახავთ, რომ ეს ქმედება კარგ შედეგს გამოიწვევს.

მიხეილ ყაველაშვილი: „ხალხის ძალას“ მანამდეც ჰქონდა მხარდაჭერა, მაგრამ როგორც პოლიტიკურ პარტიას, უფრო ფართო მანდატი ექნება ხალხის ნების გამოხატვისა და აგენტოკრატების გავლენებისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისათვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button