დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალამ“ გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ შედეგებს, რომელთაც მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებამდე სულ რაღაც წელიწადნახევარში მიაღწია:

„არის ასეთი გამონათქვამი – უფლის წინაშე საბოლოო შედეგებით რომ განისაზღვრებოდეს ადამიანის გადარჩენის ბედი, ვინღა გადარჩებოდა. ამიტომ, მთავარი შემფასებელი კრიტერიუმი არის – მცდელობა. მაგრამ თუკი არც გიცდია, მაშინ სადღა მიდიხარ. საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე, დაარსებიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში „ხალხის ძალამ”:

გამოაშკარავა „გლობალური ომის პარტიის” არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით;

ქვეყნის „ნაცმოძრაობის“ განშტოებები და მათი მკვებავი ენჯეო სექტორი, საერთაშორისო აგენტოკრატების კულუარული და არაფორმალური მმართველობის კომფორტული რეჟიმიდან სააშკარაოზე გამოიყვანა;

უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის” მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად;

მათ შორის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათობით წლის განმავლობაში;

ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;

დააანონსა 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ე.წ. „მცირე ნიურნბერგის” მსგავსი პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა ახალი მოწვევის პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების გზით;

მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აღნიშნული საპარლამენტო-საგამოძ­იებო პროცესის დაუყოვნებლივ წამოწყების თაობაზე;

ხელი შეუწყო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, „ნაცმოძრაობის მესამე“ პრეზიდენტად ჩამოყალიბების საბოლოოდ გამოაშკარავებას;

საზოგადოებაში თანამედროვე „კუ-კლუქს-კლანისა” და ლიბერალური ფაშიზმის იდეების დანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება;

ამ ეტაპის ჩათვლით, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის” მიერ ქვეყანაში „მაიდანის”, „ცხელი შემოდგომისა” და ახალი „რევოლუციის” მოწყობის არაერთი გეგმა;

გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით თუ ცალ ფეხზე ასკინკილით;

საქართველოს საგარეო ურთიერთობებში „ცალმხვრივი” მეგობრობისა და პარტნიორობის მავნე პრაქტიკის რევიზიონიზმს ჩაუყარა საფუძველი, რომლის ფარგლებში მოუწოდა აშშ-ს, გადახედოს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს;

მსოფლიოში „გენდერული” კვოტებისა და „სქესობრივი მრავალფეროვნების” თეორიების მზარდი გავრცელების ფონზე, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გამომრიცხავი კანონმდებლობის შემოღების ინიციატორი გახდა;

არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის სსკ-ში „სახელმწიფო ღალატის” მუხლის დაბრუნებისა და მოქმედი კანონმდებლობის დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან ბრძოლის მიზნით დახვეწის თაობაზე;

მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში – ღირსეული საქართველოს მიღების სახით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button