საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფინალში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე მე-5 საარტილერიო ბრიგადა გავიდა.
გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ; დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც, რომელთაც საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის, დასავლეთისა და განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდები მონაწილეობდნენ. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება.