ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საფოსტო მარკები იყო წარმოდგენილი.

გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა.

თსუს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტას და მის ხელმძღვანელს ლევან ჩიკვილაძეს თანამედროვე სამყაროში მარკისთვის ღირებულების შენარჩუნების და მისი პოპულარიზაციისთვის.

„დღევანდელ სამყაროში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს დომინანტი ადგილი უკავია, საქართველოს ფოსტამ ფასი დაუბრუნა მარკას და მისცა სულ სხვა ღირებულებები. სტუდენტებთან ერთად დიდი ინტერესით ვათვალიერებთ 130-ზე მეტ გამოფენილ მარკას, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ და ფასეულობებიც“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ისაუბრა საქართველოში მარკის პოპულარიზაციზე როგორც საოპერაციო მიზნით გამოყენებისას,  ასევე ფილატელიის დანიშნულებით. მისი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი  საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული 135 ერთეული მარკა თემატურად დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან, სპორტთან, განათლებასთან. ცალკეა გამოყოფილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული მარკები, რომელთაც უკან ძალიან დიდი ისტორია აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთი მარკის ღირებულების ნაწილი მიმართულია ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის გამაგრებითი სამუშაოების ფონდში. ასევე, წითელ ჯვართან ერთად გამოცემული მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი მარკის ღირებულებიდან  1 ლარი 500 უსახსრო და მიუსაფარ ხანდაზმულ ბენეფიციარს ხმარდება.

„გამოფენაზე ბევრი სტუდენტი დამთვალიარებელია, მათი მხრიდან ასეთი ინტერესი ძალიან სასიხარულოა, ჩვენ უფრო მეტი ენერგიითა და შემართებით ვიმუშავებთ მომავალში, რომ უფრო საინტერესო ნამუშევრები წარმოვადგინოთ“,- აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, თსუ-სა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.

„გვიხარია, რომ საქართველოს ფოსტის სახით ასეთი პარტნიორი გვყავს. დღეს საფოსტო მარკამ სხვა დატვირთვა შეიძინა, ის ჩვენი უნივერსიტეტის საიუბილეო დღესასწაულების განუყოფელ ნაწილად იქცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი მიძღვნილი მარკების სტენდი სწორედ ამის დასტურია“, – აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი საფოსტო მარკების გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

Back to top button