საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა.
ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, 2024 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება.