ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც, ავტონომიური ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ქ. ბუენოს-აირესის ვიცე-პრეზიდენტი მატიას ლოპესი.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალაქის საკანონმდებლო ორგანოსა და ბუენოს-აირესის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მატიას ლოპესს. მან ისაუბრა საქართველოსა და არგენტინის ისტორიულ კავშირებზე, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობაში გადაიზარდა.

ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ავტონომიურ ქალაქ ბუენოს-აირესს შორის. დოკუმენტი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოსა და ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალური განვითარებისა და თვითმმართველობის საკითხებზე თანამშრომლობის გამყარებას.

Back to top button