„ნატოს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ“ – ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

„სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატოს ურყევ მხარდაჭერას. ნატოს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.

მან ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც ნატოს არაპარტნიორ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზე გაამახვილა ყურადღება. ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი. ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს ნატოს კოსოვოს მისიაში, ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზეც ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხებს. მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არა მხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

 

Back to top button