შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცივი იარაღით ემუქრებოდა.

„8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და მიმალვა სცადა.

პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.

მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს.

აღნიშნული პირი, რომელიც, სხვადასხვა, მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Back to top button