საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა. ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველოში ვიზიტი ალიანსის ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულების კიდევ ერთი დასტურია და აღსანიშნავია, რომ საქართველო სარგებლობს ნატო-ს უპრეცედენტო მხარდაჭერით, რაც მნიშნელოვანი ფინანსური, საექსპერტო და პრაქტიკული დახმარებით გამოიხატება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები – ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მხარეებმა ყურადღება პლენარულ სხდომაზე გაამახვილეს. ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს და ქართული ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნისა და თავსებადობის დონე აღნიშნეს. ნატო-ს მხარემ საერთო უსაფრთხოების ძალისხმევაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გამოთქვა.