საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

„საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, შექმნის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 2017 წელს განხორციელდა, ხოლო 2023 წლის ჩათვლით, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 212.84 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში კორეიდან ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა.

„კორეის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს. საქართველოსა და კორეას შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე მკაფიო გზავნილი და დამატებითი სტიმულია კორეელი ინვესტორებისათვის სამომავლოდ ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევისა და კორეიდან საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს პერიოდში, თბილისში გაიმართება. მხარეები მიზნად ისახავენ “საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ” შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაასრულონ.

Back to top button