გიორგი ამილახვარმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული ცენტრი გახსნა“ –ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ტარიელ გუგავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრავამ.

მარნეულის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული სასწავლო ცენტრის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფა, ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართული ენის პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

ცენტრი წლის ბოლომდე 2 000-მდე მსმენელს მოემსახურება და მიმდინარე სასწავლო პროცესში 12 ტრენერი იქნება ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის სასწავლო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულებამ 150 700 ლარი შეადგინა.

 

 

Back to top button