თამთა მეგრელიშვილი 29 აპრილის აქციაზე: ეს იქნება ეროვნული ღირსების საჩვენებელი სვლა, სადაც ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ ევროპამ დაინახოს – ვინ ვართ ჩვენ და ვის ელაპარაკებიან ისინი დღეს

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპა და უფრო მძიმედ სანახავია ის, რომ ევროპა აშკარად ეწინააღმდეგება საკუთარ ისტორიულ ფასეულობებს,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა მისაღები საქართველოსთვის ევროპის მიერ წარმოებული პოლიტიკა, როცა ის გარკვეულ მითითებებსა და დირექტივებს იძლევა.

თამთა მეგრელიშვილის თქმით, თითის ქნევით საუბარი ისეთი ისტორიული ღირსების მქონე ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, მიუღებელია და ამის შესაძლებლობას ქართველი ხალხი და ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკურ გათვლას ეროვნული ინტერესის დაცვაზე აკეთებს, არავის მისცემს.

„პოლიტიკური ჰონორით საუბარი, რა თქმა უნდა, მიუღებელია ისეთი ღირსეული და ისტორიული ღირსების მქონე ერისთვის, როგორიც ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოა. ეს ასე მარტივად არავის გაუვა, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულობაზე, ეროვნულ ამბიციებზე დებს თავს და პოლიტიკურ ფსონს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველ ხალხ, რომელიც 29 აპრილს აუცილებლად გამოვა ქუჩაში, მიმღებლობა ჰქონდეს იმ დირექტივების, რაც ევროპას საქართველოს მიმართ გააჩნია,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა.

მეგრელიშვილი 29 აპრილის აქციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ შეკრება, არამედ იქნება ქართული გენის, ღირსების დემონსტრირების შესაძლებლობა.

„ეს იქნება ერთგვარი ღირსების, ქართული გენის, ქართული მართლმსაჯულების დაცვის საჩვენებელი სვლა. ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური დანიშნულების აქცია. ეს იქნება ეროვნული ღირსების საჩვენებელი სვლა, სადაც მე ეჭვი არ მეპარება, ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ ევროპამ დაინახოს – ვინ ვართ ჩვენ და ვის ელაპარაკებიან ისინი დღეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპა და უფრო მძიმედ სანახავია ის, რომ დღეს ევროპა აშკარად ეწინააღმდეგება საკუთარ ისტორიულ ფასეულობებს. ევროპა პირდაპირ გიცხადებს ომს, რადგან ის აფინანსებს და ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას და მის წახალისებას ეწევა; პირდაპირ აფინანსებს საპატრიარქოზე თავდასხმას; პირდაპირ მითითებებს იძლევა, რომ აქ მოხდეს სასამართლოს სისტემის, საარჩევნო სისტემის დესტაბილიზაცია და ა.შ. დღეს ბრძოლის სამიზნეა ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეროვნული შინაარსის კანონპროექტია, რადგან ის ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის მომავლის პერსპექტივას. როდესაც ევროპელები გვიკრძალავენ ამ კანონის მიღებას და თითს გვიქნევენ, ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მონური ფსიქოლოგია გადავხარშეთ საკუთარ თავში და ჩვენ არ მივყვებით თამაშის იმ წესებს, რომელიც დადგენილი იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში,” – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Back to top button