ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას IFES- ის დირექტორად დანიშვნას ეხმაურება და წერს:
,,კიდევ ერთი ალიყური რადიკალურ ოპოზიციას და მათ მარიონეტებს არასამთავრობო სექტორში.
მათ მიერ “გამყალბებლად” შერაცხული ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, უზბეკეთში, ამერიკული ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორად დაინიშნა.
IFES (International Foundation for Electoral Systems) არის საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 1987 წელს დაარსდა აშშ-ში. ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია დახმარებას უწევს ახალ დემოკრატიულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს არჩევნების გამართულად ჩატარებაში.1987 წლიდან IFES– მა დახმარება გაუწია 145 ქვეყანას და ამჟამად აქვს პროგრამები 20 – ზე მეტ სახელმწიფოში.
ამგვარ ორგანიზაციებში კარიერის დაწყება გამორიცხულია თუ პიროვნებას არ აქვს სოლიდური “ბექგრაუნდი” და, რაც მთავარია, რეპუტაცია.
ცესკომდე თამარ ჟვანია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი იყო, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით. 2017 წელს, ცესკოს ხელმძღვანელობისას, მას IFES-ის ჯილდოც აქვს მიღებული.
2013-ში ცესკოში ჟვანიას ხელმძღვანელობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაც იყო, რომელთა ამჟამინდელი პოლიტიკური აქტივობა არაფრით განსხვავდება სააკაშვილის პარტიის დესტრუქციისგან. თუმცა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპზე, ყველასათვის ცნობილი, აწ უკვე რეპუტაციალახული NGO-ები იკავებდნენ იმ ნიშას, რასაც მათგან მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოება. თუ რატომ “განაცდნენ”, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად გაირკვევა.
თამარ ჟვანიას IFES-ში კარიერის გაგრძელებაზე აქა-იქ ისმის ნაცსექტის სასოწარკვეთილი ემოციები და IFES-ზე კონსპიროლოგია. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვიტყვი:
#ნაცობასირცხვილია ‘’ – განაცხადა გია აბაშიძემ.