ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლის, მთელი მოსახლეობა უნდა დავირაზმოთ, ძლიერად ჩავატაროთ ეს არჩევნები და ძლიერად მოვიგოთ ყველგან, იმისთვის, რომ არც ერთი საბაბი და სალაპარაკო არ მივცეთ ჩვენს ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. ეს არის ჩვენი თხოვნა და ჩვენი მოწოდება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. 3 წელი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში. მთელი ეს საბოტაჟი ამ თვეების განმავლობაში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა, მუდმივი საბოტაჟის პირობებში ჩვენ შევძელით 12%-იანი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ვაქცინაციაზე იყო საუბარი, მინდა ვთქვა, რომ 1 მილიონი მოქალაქე ჩვენ ავცერით, შევძელით, დავარწმუნეთ, ორი მილიონი აცრა არის გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე აიცრას, ეკონომიკას მივხედოთ, პროექტები განვახორციელოთ, რეალურად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე ვიზრუნოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრალი”, – განაცხადა პრემიერმა.