
თბილისში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ვეტერინარული პრეპარატების მარეგულირებელი სისტემის გაძლიერება, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა იყო. ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა. აღინიშნა, რომ ვეტერინარული პრეპარატების ეფექტიანი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზარზე განსათავსებელი და განთავსებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციას და კონტროლს, უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლას, ანტიმიკრობული საშუალებების პასუხისმგებლიან გამოყენებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
WOAH-ის ორგანიზებით გამართული სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს.