ეს არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აღიარება და გამარჯვება, საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წალენჯიხაში განუცხადა, სადაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მორიგ გამარჯვებას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აგვისტოს ომი მძიმე შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.
„აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას” და პირადად სააკაშვილს აგვისტოს ომის პროცესში. კარგად გამოჩნდა მისი ლაჩრული სახე და ზოგადად მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, როგორ ჩააბარა მოღალატეობრივად კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. აი, ეს არის „ნაცმოძრაობის” ხელწერა. ორგანიზაცია, რომელიც დაკარგავს და მმართველი, რომლის პირობებშიც დაიკარგება ტერიტორიები, დაკანონდება ოკუპაცია, საერთოდ როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ამიტომ, დღეს რეალობა არის შემდეგი – ეს მთავარი მასხარა, მათი ბელადი არის ციხეში, იმიტომ, რომ მან ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ყველა დამნაშავე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობას იკავებდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ დგას და ვერ იქნება კანონზე მაღლა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.