GITA – ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკი ,,Smart Stay ჰაკათონს“ უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 27-28 ივლისს, თელავის ტექნოპარკში, ,,Smart Stay ჰაკათონი” ჩატარდება. ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები). პროექტში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-თელავი/თელავი-თბილისი.

პროექტის მონაწილეები, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნიან ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 10.000 ლარის ოდენობის გრანტი პროტოტიპის განვითარების მიზნით.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას. პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საკუთარ რჩეულებს და გადასცემენ სპეციალურ პრიზებს, რომელთაც ასევე მიეცემათ მათთან თანამშრომლობის და პროდუქტის ტესტირების შესაძლებლობა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/aej7P

პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication

Back to top button