ჯუბო ტურაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენისა და ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის, დარგში არსებული მიღწევების, პოტენციური საინვესტიციო პროექტებისა და გლობალური ენერგეტიკული პროექტების პოპულარიზაცია, მათ შორის, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაეთმობა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლის წარმოჩენას.

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე გამოფენა და ფორუმი მიმდინარეობს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით.

მისასალმებელ სიტყვაში, ჯუბო ტურაშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას და აღნიშნა, რომ ე.წ. „მწვანე ენერგეტიკის” განვითარება მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია. „საქართველო მდიდარია განახლებადი წყაროებით, მაგრამ აუცილებელია მათი იდენტიფიცირება და მდგრადი ათვისება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ენერგომომარაგებაში განახლებადი ენერგიების წილი მაქსიმალურად მაღალი იყოს, რაც გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, დარგში მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, განსაკუთრებით, რეგიონებში,” – აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები, მათ შორის, განახლებადი ენერგიების დეველოპერები, აგრეთვე გლობალური და ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციები. რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე გამოფენას, მასზე წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული ბრენდები, ენერგოსექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციური პროექტები.

ღონისძიება ორდღიანია და მის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები ელექტროენერგიის მართვის სისტემებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციასა და საქართველოს, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ჰაბის პერსპექტივებზე.

 

Back to top button