საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 220 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 220 ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 19 366 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.

შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში.

Back to top button