„ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, შშმ პირებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოხდეს.
როგორც მერობის კანდიდატმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, შშმ მოქალაქეებისთვის არსებობს გარკვეული პროექტები, თუმცა ამ საკითხზე გაცილებით მეტია სამუშაო.
„ჩვენ არაერთი ღონისძიება გვაქვს სოციალურ პროექტებში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის ახალი ავტობუსები, რომელიც არის ადაპტირებული და ეს ავტომატურად ითხოვს მოსაცდელების ადაპტირებასაც, რათა მეტად მოსახერებელი იყოს შშმ მოქალაქეებისთვის გადადგილება. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს გავაკეთეთ ინვენტარიზაცია იმ გადასასვლელების, რომელიც საჭიროებს ჩვენ ქალაქში განახლებას, და იმ ქუჩების, სადაც არ არსებობს ასეთი გადასასვლელები, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ პანდუსების მოწყობა ქუჩებში, ავტობუსის მოსაცდელებთან, დაწესებულებებთან.
შეზღუდული შესაძლობების მქონე მოქალაქეებისთვის არსებობს გარკვეული პროექტები, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე გაცილებით მეტია სამუშაო, რადგან არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს შეზღუდული გარემოები და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი გარემოებები დაძლევადია და აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული სტერეოტიპების დამსხვრევაში თავად შშმ პირებთან ერთად, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება რა ჯობია მათთვის.
სხვათაშორის, წელს პირველად დავაფინანსეთ შშმ პირების გამგზავრება ბორჯომში შეჯიბრებაში მონაწილეობის მიზნით და რამდენიმე სახეობაში გამარჯვებულებიც კი დაგვიბრუნდნენ. ასე რომ, აქტიურად გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. გვქონდა მათთვის საგრანტო კონკურსიც და უკვე დაფინანსებულია ერთ-ერთი ორგანიზაცია და დასაქმებულია არიან შშმ პირები. მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად შევეცდებით, რომ მათზე ორიენტირებული და მათზე მორგებული პროექტები განხორციელდეს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.