ირაკლი ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: მას გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში

ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჰიპოთეტურად,  ნებისმიერ მუნიციპალიტეტში,  სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სენაკში. პირველ რიგში,  მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ულამაზეს თეატრში ვიმყოფებოდით და მინდა იცოდეს ყველამ,  ეს თეატრი აღდგენილი არის „ფონდი ქართუს” დაფინანსებით და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. 10 მლნ. ლარი დაიხარჯა ამ ისტორიული თეატრის აღდგენაში და ეს არის მართლაც უნიკალური საჩუქარი სენაკისა და სენაკელებისთვის.

რაც შეეხება არჩევნებს,  შეხვედრა გვქონდა ჩვენს საარჩევნო შტაბთან. სენაკში წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა –  ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. მე მინდა ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო – რა პერსპექტივა აქვს და  რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მითუმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ,  ნებისმიერ მუნიციპალიტეტში,  სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის. მინდა სენაკელებს მივმართო თხოვნით – ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების” კანდიდატს, იმიტომ, რომ სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს. ეს არის ტყუილი, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამის გაკეთება მას უნდოდა პირადად, ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ რამის სურვილი ექნებოდა რეალურად, შეეძლო რაიმე გაეკეთებინა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დროს, მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში.  ამაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ფარსი და სიყალბე, რაც მომდინარეობს ამ მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის გუნდისგან და მისი წევრებისგან. თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ეს ბელადი ციხეშია მოგეხსენებათ, დიდხანს იქნება ციხეში”, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button