27 ოქტომბერს იქნება გამაერთიანებელი, მშვიდობიანი აქცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, ვის მხარეს დგას ხალხი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს მშვიდობიანი განვითარება, სტაბილურობა, პროგრესი და კეთილდღეობა სურს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, აწამეს ხალხი, 300 000 ადამიანი გაასამართლეს და ქართველი ხალხი მათ ამის მეორედ გაკეთების უფლებას არ მისცემს.
„ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 27 ოქტომბერს ერთად შევიკრიბოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება გამაერთიანებელი, მშვიდობიანი აქცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, თუ ვის მხარეს დგას ხალხი. ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს ხალხს სურს მშვიდობიანი განვითარება, სტაბილურობა, პროგრესი, კეთილდღეობა- ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და არა დესტაბილიზაცია, ქაოსი, მუდმივი ბოიკოტი, ძალადობის და უსამართლობის დაბრუნება, რომელზეც ეს რევანშისტული , ბნელი ძალები, სააკაშვილის პარტია ფიქრობს 24 საათის განმავლობაში. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, აწამეს ხალხი, 300 000 ადამიანი გაასამართლეს, ამის მეორედ გაკეთების უფლებას არ მივცემთ და ჩვენი ხალხი არ მისცემს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.