„ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც საზოგადოებამ იცის, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.
ამ შედეგების მიხედვით 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია ქართული ოცნების კანდიდატი, მეორე ტურებში გავიდა ყველა ჩვენი კანდიდატი, ქვეყნის მასშტაბით მოვიპოვეთ საკრებულოს მანდატების 65% და გავიმარჯვეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ხალხის ნდობის ე.წ. რეფერენდუმში.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღე, ხმის მიცემის და დათვლის პროცესი შეაფასეს როგორც კარგად ორგანიზებული და ამაში ცესკოს როლი განსაკუთრებით აღნიშნეს.
დღეს გვინდა, წინა არჩევნებთან შედარების ჭრილში, წარმოგიდგინოთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი.
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. „გაყალბებული არჩევნების” კამპანია.
პარლამენტის ექვსთვიანი საბოტაჟის პირობებში, რომელიც ფასილიტაციის და მედიაციის ფონზე მიდიოდა, ისინი რიცხვების მანიპულირებით და დასკვნების ფაბრიკაციით პირდაპირ ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.
ჩვენ ვნახეთ, რომ წელსაც იყო იგივე მცდელობა. წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებს და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მაგრამ წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამაში საარჩევნო რეფორმისას ჩვენი ინიციატივით ჩადებული უბნების 10% გადათვლის მექანიზმმა შეასრულა, რაც სტატისტიკურად იმდენად დიდი და რეპრეზენტატული ოდენობაა, რომ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ცესკოს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება.
2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა იყო ოპოზიციის რეალური გეგმა და ამ გეგმას ერქვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი თაოსნობით ქვეყანაში დაპირისპირების და არეულობის მოწყობა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ ეს გეგმა ჩაშალა.
დღესაც, თუკი მათ კამპანიას მოვაცილებთ სრულად პოპულისტურ სატყუარებს, რომლებსაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყალბი გაერთიანების დაანონსებით და ყალბი დაპირებების სახით გასცემენ, დავინახავთ, რომ მათი მთავარი გეგმა კვლავ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დღესაც, მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის მზადება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება. ამიტომ მოსალოდნელია რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს მაქსიმალურად ეცდებიან ამ თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.
თუმცა, ისევე როგორც 2 ოქტომბერს, ამ ჯერზეც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მათ ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ.
ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება.
ამიტომ მოვუწოდებ ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება შევიკრიბოთ ხვალ 27 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე თავისუფლების მოედანზე და გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე” – განაცხადა პაპუაშვილმა.