ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის მერ კახი კალაძეს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა და ამ მართლაც არაჩვეულებრივი, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაელამაზებინა ჩვენი უნიკალური და ულამაზესი დედაქალაქი. ვიმყოფებით რა ამ ისტორიულ უბანში, კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ქალაქი გვაქვს ჩვენ, ქართველებს და ამ პროცესში კახამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა. მე მინდა ამ უბნის ყველა მაცხოვრებელს მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს 200-მდე ოჯახი განახლებულ საცხოვრებელ სახლებში შევიდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა მათთვის. მე ვულოცავ ყველას და ვუსურვებდი, რომ მომდევნო 4 წელიწადში კახამ შეძლოს კიდევ მრავალი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები. ვულოცავ კიდევ ერთხელ თბილისს, მინდა კახას გადავუხადო კიდევ ერთხელ მადლობა და ვუსურვო ასეთი შემართებით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.