ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი: საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ბევრ სფეროში უსწრებს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ჭიანურდება

საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით მრავალ სფეროში წარმატებული რეფორმები ჩაატარა, თუმცა, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანების შესახებ არ ჩქარობს. კვლევას ამ შინაარსით ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი ავრცელებს.

ინსტიტუტის მტკიცებით, საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. „თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურება გარედან ჩარევის რისკებს ზრდის, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია და ევროკავშირის საფრთხის შექმნა შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს სწრაფად, მხარი დაუჭიროს რა საქართველოს მისწრაფებას ევროპული ფასეულობებისა და რეფორმებისადმი, რათა ეს რისკები შეარბილოს“, – წერია კვლევაში.

ორგანიზაციის მტკიცებით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის დარგში გამორჩეულია. საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით კორუფციასთან საბრძოლველად უფრო თანმიმდევრული და სისტემური მიდგომა აირჩია.

კვლევის თანახმად, საქართველომ აგრეთვე დიდ წარმატებას მიაღწია მიმზიდველი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისა და ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, საქართველომ აქაც მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით საგრძნობი პროგრესი აჩვენა. როცა უკრაინა და მოლდოვა ეფექტური სასამართლო რეფორმების გატარების დროს დაბრკოლებებს წააწყდნენ, საქართველომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზარდა შეძლო. უკრაინაში ომმა სასამართლო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობას პრობლემები შეუქმნა, ხოლო მოლდოვას დღემდე კორუფციის სერიოზული პრობლემები აქვს“, – ნათქვამია კვლევაში.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რაშიც საქართველო უკრაინას და მოლდოვას უსწრებს, ფინანსური გამჭვირვალობაა. ესპანეთის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწიეს, მათ მართვის ეფექტური სისტემების დანერგვისას ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები. ამ კონტექსტში საქართველო აღმოჩნდა ლიდერი, რომელმაც 2023 წლის ბიუჯეტის ღიაობის მსოფლიო ინდექსში პირველი ადგილი დაიკავა.

ესპანეთის ინსტიტუტის მტკიცებით, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონში რუსეთის გავლენის ფონზე. კანდიდატი ქვეყნების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველომ რიგ საკვანძო სფეროებში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. ეს პირველ რიგში ეხება რეფორმების პროცესს, რომელიც ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან და ფასეულობებთან აახლოებს.

„კერძოდ, საქართველოს მთავრობამ კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და კანონის უზენაესობის მიმართ მტკიცე ერთგულება აჩვენა. ეს ინიციატივები აღიარებული და კარგადაა შეფასებული საერთაშორისო დონეზე, ვენეციის კომისიის ჩათვლით და ისეთი რეიტინგების მეშვეობით, როგორიცაა კორუფციის აღქმისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები.

იმ დროს, როცა საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენება შეძლო, უკრაინა და მოლდოვაც აგრძელებენ მუშაობას საკუთარ რეფორმებზე. მათ წინ მრავალი პრობლემა ხვდებათ. საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გაჭიანურებამ ამ პროცესს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას და კარი გაუღოს გარე ჩარევას, რომელიც კავკასიის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ევროპულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ერთგულება და მიღწევები აღიაროს და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს გააძლიერებს, არამედ მთელ რეგიონს დემოკრატიული ღირებულებებისა და რეფორმების მხარდამჭერ ნათელ სიგნალს გაუგზავნის“, – წერია კვლევაში.

Back to top button