გიორგი როგავა: გემო ფესტი ჩემი კომპანიისთვის, კერძო სექტორისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა

7-8 სექტემბერს, სამეგრელოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გემო ფესტი პირველად გაიმართა. კერძო სექტორისთვის კულინარიული ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის მონაწილე და კომპანია ნანუს წარმომადგენელი გიორგი როგავა.

„გემო ფესტი სამეგრელოში ძალიან კარგად ჩატარდა. ეს სტუმრების სახეებზე აისახა, რადგან ყველას კმაყოფილი სახე ჰქონდა, ყველა იღიმოდა, სითბო ტრიალებდა. ვფიქრობ, ეს ჩვენი რეგიონისთვის ძალიან კარგი დასაწყისია. პირადად ჩემთვის, ჩემი კომპანიისთვის, კერძო სექტორისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ფართო აუდიტორიამ გაიცნო ჩემი კომპანია და ძალიან კმაყოფილი ვარ. მივესალმები თუ კვლავ ზუგდიდში გაიმართება გემო ფესტი. ჩემი აზრით რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია“,-აცხადებს გიორგი როგავა.

„გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“ –აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button