თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოს ვეტერანების მიმართ თანადგომა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გამოხატა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს ანკარის სათაო ოფისის შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუშსა და სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს, სალიჰ ოზერს, თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, საქართველოს ვეტერანების მიმართ მხარდაჭერის დასტურად, სამსახურს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 25 ელექტრო- ადაპტირებული ეტლი გადმოსცა.

„ჩვენ მადლიერებით ვიღებთ ჩვენი თურქი მეგობრების ამ დახმარებას, რაც მნიშვნელოვანი თანადგომაა შშმ ვეტერანებისთვის”, – აღნიშნა კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა, ასევე, სამსახურის განვითარების დინამიკაზე, ვეტერანთა წინაშე სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე; ხაზი გაუსვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან_ TIKA-სთან მრავალწლიან, ნაყოფიერ თანამშრომლობას და მომავალში ურთიერთობის გაფართოების სურვილი გამოთქვა.

ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუშმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ TIKA, საქართველოში, ვეტერანების_ამ ღირსეული ადამიანების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს; მან, კობა კობალაძეს, გულთბილი მიღებისა და მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავაც განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის ურთიერთობა ახალი, წარმატებული პროექტებით გაღრმავდება.

სალიჰ ოზერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახალი პროექტების შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება ის გამოწვევები, რომლებიც დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რომელთა გადალახვაშიც ვეტერანთა ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება პროცესის ეფექტიანობას გაზრდის.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_TİKA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში, ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2018 წელს, TİKA-ს თანადგომით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზი. თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა – 2022 წელს, TİKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო 2025 წლის ივნისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცა. გასულ წელს, TİKA-ს ჩართულობით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-საძიებო სამსახურიდან, მაღალკვალიფიციურმა თურქმა ინსტრუქტორებმა, ტრენინგი ჩაატარეს თემაზე:”ღია რელიეფზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები”და ცენტრს სამაშველო ეკიპირება და სპეცფორმები გადასცეს. მიმდინარე წლის სექტემბერში კი სააგენტოს ძალისხმევით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს, ხელის ტრაქტორები გადაეცათ.

ცნობისთვის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო -TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თითქმის, სამი ათეული წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

Back to top button