მიხეილ ყაველაშვილი „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე: ოპოზიცია ვერ ბედავს ვერაფრის თქმას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით – ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, არჩევნები ახლოვდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი, პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატმა განმარტა, რომ კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შეთანხმებულია ამ კანონის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

დეპუტატმა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გარე ძალების მიერ დაორგანიზებული კამპანია, რომელშიც არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიციაც მონაწილეობდა, უშედეგო იყო, რადგან ვერც ერთი სამართლებრივი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, თუ რას ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა.

ყაველაშვილი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებისთვის წამოწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლების პრინციპულმა პოზიციამ დაანახა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში არ აწამებენ და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების სწორ ნაბიჯებსაც და აღნიშნა, რომ გარე ძალების გეგმების განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში მეორე ფრონტი იქნებოდა და დამანგრეველი პროცესები დაიწყებოდა. დეპუტატი ოპოზიციასაც მიმართავს და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს, თუმცა თავადვე განმარტავს, რომ ახლა ოპოზიცია საკუთარ აზრს ვერ დააფიქსირებს, რადგან არჩევნები ახლოვდება. ეს კანონი კი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს გამოქვეყნდა „ხალხის ძალის“ წერილი და მინდა, საზოგადოებას კვლავ მოვუწოდო სიფხიზლისკენ. მნიშვნელოვანი პასაჟებია მოცემული, მაგალითად, ევროკავშირის პრეს-სპიკერ პიტერ სტანოს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს ო ბრაიანის და კონგრესმენ ჯინ შაჰინის განცხადებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებენ. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, გაიშიფრა ყველაფერი – ადამიანები საუბრობენ კანონზე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო და სწორედ ადამიანის უფლებების, ჩვენი მოზარდების დაცვისკენ არის მიმართული. ამ კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება პიტერ სტანო. მან აღნიშნა, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა შეთანხმებული ვართ ამ კანონთან დაკავშირებით.

ასევე, მაგალითად ავიღოთ გამჭვირვალობის კანონი. ორი წელია ვხედავთ, რომ გარე ძალების მიერ დაორგანიზებული აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს ამ კანონთან დაკავშირებით, სადაც ასევე ჩართულია არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია. მათ ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს, თუ რას ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი. პარადოქსი რა არის იცით? საერთაშორისო გამჭვირვალობა გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომ ეწინააღმდეგება. ეს ალბათ დარჩება ისტორიას, რომ არანაირი ფაქტობრივი სამართლებრივი შენიშვნა არ არსებობს ამ კანონთან მიმართებაში.

დღეს ვნახეთ პრემიერის განცხადება, დაახლოებით 450 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა და არავის არ ეზღუდება საქმიანობა, უბრალოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, გარედან დაფინანსებული ეს ორგანიზაციები, რა მიზნით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს სხვადასხვა პარამეტრებით, მაგალითად: ეკონომიკური ზრდა, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა – ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა კვლევითმა ინსტიტუტმა ობიექტური დასკვნა გამოაქვეყნა და მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლებს – ამ ქვეყანას, რომელიც ლიდერი არის კანდიდატებს შორის, რატომ კრავთ ხელს, რატომ არ არის დაწყებული მოლაპარაკება საქართველოსთან, რომელიც უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც და სხვა ქვეყნებსაცო და მოყვანილი აქვთ ფაქტები, შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მე შემიძლია ეს სია გავაგრძელო, გავიხსენო ის რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო 557 პარლამენტარის მეშვეობით, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენ ვაწამებდით მიხეილ სააკაშვილს, ვკლავდით ციხეში და გვთხოვდნენ მის გათავისუფლებას. გახსოვთ, როგორი აღვირახსნილი კამპანია იყო, უნდა დაგვერღვია კანონი, შევწინააღმდეგებოდით საქართველოს კანონმდებლობის ყველანაირ სამართლებრივ აქტს და ასეთი მოთხოვნების გამო უნდა გაგვეთავისუფლებინა ის. ჩვენმა პრინციპულმა პოზიციებმა დაანახა ყველას, რომ სააკაშვილი არათუ არ კვდება, არამედ ძალიან კარგადაც გამოიყურება და ნახეთ როგორი მებრძოლი გახდა არჩევნების წინ ეს ადამიანი. სულ მიკვირს ხოლმე, რატომ არ ჩნდება კითხვები იმ აქტორების, იმ ელჩების შესახებ რომლებიც ამ კამპანიაში პირდაპირ ჩართულები იყვნენ და ასეთ აღვირახსნილ კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

აღსანიშნავია სანქციებთან მიერთების, მოხალისეების უკრაინაში გაგზავნის თემა, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი გახსნილი და რა დამანგრეველი პროცესები ელოდა საქართველოს, ეს გეგმები რომ განხორციელებულიყო. ყველა ეს ფაქტები ხომ ხელისგულზე დევს?! ჩვენ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ ამ საკითხებზე საუბარი. გახსოვთ როგორი შემოტევა იყო ჩვენზე, როცა გავბედეთ და აშშ-ს ელჩს მივმართეთ დაესაბუთებინა მისი გამონათქვამები ომთან დაკავშირებით, პირდაპირ მაგალითები მივუთითეთ, როგორ ითხოვდნენ მათგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები სანქციებთან შეერთებას და მოხალისეების გაგზავნას. რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის საელჩო და აშშ-ს მთავრობა, როდესაც ეს ადამიანები პირდაპირ მოითხოვდნენ მეორე ფრონტს და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას. ამ ორმაგ სტანდარტზე იყო საუბარი და ხომ გახსოვთ, როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენზე.

დღეს, საზოგადოება ინფორმირებულია და ამიტომ ასეთი უდიერი დამოკიდებულება. ჩვენ სამართლიანი პარტნიორები გვჭირდება, ამიტომაც იღებენ კრიტიკას, მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი.

ის საკითხები, რაზეც ახლა ვისაუბრე და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს წერილში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ უნდა ვიყოთ პრინციპულები.

ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება. ამიტომ იყო ჯეიმს ო ბრაიანის წერილიც. ის უკვე წინასწარ საუბრობს, თითქოს არჩევნები გაყალბდება და არ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად – ეს პირდაპირი ზეწოლაა ხელისუფლებაზე და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა.სწორედ ამას ემსახურება უცხოელების გამონათქვამები და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების ზეწოლა საქართველოზე გაიზრდება. ჩვენ ეს კარგად ვიცით და წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემაზე, რათა ინფორმირებული იყოს საზოგადოება. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან მიმართებაში მე მგონი არ არსებობს არანაირი შენიშვნები, ვერც კი გაბედა რადიკალურმა ოპოზიციამ რაიმეს თქმა. გაიხსენეთ როგორი ქილიკი იყო და როგორი იგნორირება ხდებოდა ამ კანონის. გვერდს უვლიდნენ – ვის აინტერესებს ეს კანონი, ეს პრობლემა არ არსებობსო და მეორე მოსმენით მიღების შემდეგ დავინახეთ პიტერ სტანოს კრიტიკული წერილი. სად არის ოპოზიცია? ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებაში ეთანხმება პიტერ სტანოს – ეს კანონი მიუღებელია? სად არიან, რატომ ვერ ბედავენ ვერაფრის თქმას? იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, არჩევნებია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული მოქალაქისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button