ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული ადმინისტრატორის უფლებას, მშვიდ გარემოში შეასრულოს თავისი მოვალეობა და 26 ოქტომბერს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას არჩეული პირების შესახებ:

სულ 24 240 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 425 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის 9 090 ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 111 საკონკურსო განაცხადი, კომისიის წევრების 15 150 ვაკანტურ ადგილზე 15 314 საკონკურსო განაცხადი.

საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.

არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ:

არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებიდან, კომისიის მუშაობაში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 870 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.15%-ია.

საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 14 183 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 111 – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 479 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათ შორის საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი, დანარჩენ 27 270 წევრს კი, უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

Back to top button