საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ განმარტებას აკეთებს.
„სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.
საკონსულო მომსახურების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს:
აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.
შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკოს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.
სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცედურების და წესების შესახებ მოსახლეობის ობიექტური ინფორმირების ნაცვლად, ცალკეული პირები განაგრძობენ ამ თემით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი თანამემამულეები, რის შესახებაც საგარეო უწყება დამატებით განცხადებას გააკეთებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.