„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ამ მოვლენებში „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრისას აღნიშნა, „ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა.“
მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ სხვა უმძიმეს დანაშაულებზეც და ქართული საზოგადოება საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს ამ პოლიტიკური ძალისგან.
„გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.
დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!
ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარცეცხლში გახვევაა?!“ – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა თელავში შეკრებილ მოსახლეობას.