პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში გამართულ ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და კონკრეტულად კახეთის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, ყველა მიღწევა და ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, სწორედ ის საშვილიშვილო მოსავალია, რომელსაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოსახლეობასთან ერთად ჩაეყარა საფუძველი.
„ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მივეცით. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის – სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.
თავს ვიწონებთ იმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, კახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, ვაშენებთ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს და აეროპორტს, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი. უძველესი ისტორიის, კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე კახეთი საოცრად მიმზიდველი გახდა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ კუთხის ტურისტული პოტენციალი არნახულად გაიზარდა.
რთველის შემდეგ კახელები წლის მოსავალს ლოცავთ. ყოველივე ზემოთქმული, რაზეც ვისაუბრე, მათ შორის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, ის რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, ის რომ ერთად ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი და დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, თავისუფლად ვცხოვრობთ, სწორედ ის საშვილიშვილო მოსავალია, რომელსაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. მოსავალი, რომელსაც მოვუარეთ, ვზრდიდით და მის შედეგებს, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით, დღეს საკუთარ თავზე ვიმკით.
ამ ყველაფერს ჩვენი შრომით, ერთად, მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ!“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, გარდა ამისა, მმართველი გუნდი დაასრულებს სხვადასხვა ძალების ძალადობრივ მცდელობას, მოსახლეობას ფსევდო-ღირებულებები მოახვიონ თავს.
„მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, ამავდროულად კი საბოლოოდ დავასრულებთ სხვადასხვა, მათ შორის უცხოური ძალების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის ფსევდო-ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!
დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.