გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტია გამოვლენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში (24 აგვისტო-24 სექტემბერი), უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოავლინეს.

„უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 64 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში; 57 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 28 – შიდა ქართლში, 16 – გურიაში, 14 – მცხეთა-მთიანეთში, 12 – კახეთში, 10 – სამცხე-ჯავახეთში, 9 – ქვემო ქართლში, 2 – აჭარაში, 1 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 200 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვეში ამოღებულია 198 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ –აცხადებენ უწყებაში.

 

Back to top button